
აღწერა
რეჟისორი: ევა გვრიტიშვილი დრამატურგი- გვანცა ფიფია მხატვარი- თინა გობეჯიშვილი კომპოზიტორი- კონსტანტინე ეჯიბაშვილი ტექნიკური რეჟისორი: მაკა დემეტრაშვილი მსახიობები: თამარ ყალაბეგაშვილი; თამარ მამულაშვილი; ლევან ბერიკაშვილი; ეკა მოლოდინაშვილი; ლილე ფილფანი. სპექტაკლი წარმოდგენილია ციფრული თეატრალური ფესტივალის „MOOZ-ART“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ციფრული თეატრი „ავნევი“. ფსიქოლოგიაში არსებობს პარადოქსი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გენატრებოდეს ადგილი, რომელიც საკუთარი თვალით არასოდეს გინახავს. “მე მინდა მოგიყვეთ ჩემს აფხაზეთზე- “სასტუმრო საქართველოზე” „სასტუმრო საქართველო“ - აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების დროებითი თავშესაფარი, რომელიც წლების განმავლობაში ადამიანების მოლოდინს, მონატრებას და დაკარგული სახლის სიყვარულს იტევდა.. მათ ნახევარი ცხოვრება დაბრუნების იმედში გაატარეს, ამ იმედით ზრდიდნენ შვილებს და ასწავლიდნენ ყველაფერს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი, თაკო, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ დაბადებული თაობის წარმომადგენელია, რომელთა წარმოდგენა სამშობლოზე სხვისი ისტორიებით, მოგონებებით და წარმოსახვით შეიქმნა. თაკო მაყურებელთან ერთად უბრუნდება საკუთარ წარსულს და ცდილობს იპოვოს მასში დაკარგული და დავიწყებული დეტალები - ყველაფერი ის, რაც მისთვის აფხაზეთთან ასოცირდება. ამ ძიებისას კი ჩნდება მთავარი კითხვა: სად მთავრდება ნამდვილი მოგონებები და სად იწყება ფანტაზია?. მაყურებელი თაკოს მეხსიერებაში იმყოფება და თაკოსთან ერთად მოგზაურობს წარსულში. სპექტაკლი იკვლევს, რამდენად შესაძლებელია გენატრებოდეს ის, რაც არასოდეს გინახავს? შესაძლებელია თუ არა სხვისი მოგონება საკუთარ მოგონებად აქციო? და რა ხდება მაშინ, როცა ცოცხალი მემატიანეები აღარ არიან, მათი ხმები დუმდება, სახეები ქრება, ისტორიები კი დავიწყებისთვის არის განწირული?. სპექტაკლში ისტორია მაშინ აგრძელებს არსებობას, როცა მისი უშუალო მონაწილეები აღარ არიან. ისინი რჩება მათში, ვინც მოისმინა, ვინც დაიმახსოვრა და ვინც საკუთარ წარმოსახვაში ხელმეორედ ააშენა დაკარგული სამშობლო. ეს არის ამბავი თაობაზე, რომელმაც აფხაზეთში დაბრუნების სურვილი მემკვიდრეობით მიიღო როგორც მოგონება, როგორც მონატრება და როგორც იმედი.